ეკონომიკური განვითარება, ეკონომიკური ზრდა და საქართველოს ეკონომიკის  განვითარების მთავარი მიმართულება

ეკონომიკური განვითარება, ეკონომიკური ზრდა და საქართველოს ეკონომიკის განვითარების მთავარი მიმართულება

ინტერვიუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორთან, პროფესორ რამაზ აბესაძესთან

-რა თავისებურებები შეიძლება გამოიყოს განვითარებული ქვეყნების
ეკონომიკაში თანამედროვე ეტაპზე, როგორც ეკონომიკური ზრდის, ასევე
ეკონომიკური განვითარების მიმართულებით?

-მიუხედავად იმისა, რომ კატეგორიებს „ეკონომიკურ განვითარებასა“ და
„ეკონომიკურ ზრდას“ ეკონომიკურ ლიტერატურაში პრაქტიკაში (და ხშირად
ნაშრომებშიც) მაინც, თითქმის, ერთნაირი გაგებით იხმარება –  თუ ეკონომიკურ
ზრდას აქვს ადგილი, ითვლება, რომ ეკონომიკურ განვითარებასაც აქვს ადგილი
და, პირიქით, თუ ეკონომიკურ დაქვეითებას აქვს ადგილი, მაშინ ეკონომიკურ
განვითარებაზე საუბარიც კი ზედმეტია, რაც არასწორია, ვინაიდან
ეკონომიკური ზრდა ნიშნავს ეკონომიკის მასშტაბების რაოდენობრივ
გადიდებას, ეკონომიკური განვითარება კი მის თვისებრივად ახალ, უფრო
სრულყოფილ მდგომარეობაში გადასვლას. ისტორიულად, ადამიანთა
კეთილდღეობის ამაღლებაში, თავდაპირველად გადამწყვეტი მნიშვნელობა
ეკონომიკურ ზრდას ენიჭებოდა, მაგრამ, მას შემდეგ, რაც ეკონონომიკაში
მნიშვნელოვანი თვისებრივი ცვლილებები იწყება, ეკონომიკური განვითარების
როლი იზრდება. ადამიანთა კეთილდღეობის ამაღლება სულ უფრო  და უფრო
დამოკიდებული ხდება ეკონომიკურ განვითარებაზე, ანუ პროგრესულ
თვისებივ ცვლილებებზე ეკონომიკაში და არა ეკონომიკურ ზრდაზე,
ეკონომიკური ზრდის დაბალი ან, თუნდაც, ნულოვანი ტემპების არსებობის
შემთხვევაშიც კი შესაძლებელია საზოგადოების კეთილდღეობის (კომფორტის)
ამაღლება. ამიტომ, თანამედროვე ეტაპზე განვითარებულ ქვეყნებში
ეკონომიკური ზრდის ტემპების შენელება არ ნიშნავს ადამიანთა
კეთილდღეობის შემცირებას, რასაც განაპირობებს შემდეგი კანონზომიერება:
ერთი და იმავე ღირებულების პროდუქციას (მშპ, მეპი გაანგარიშებული
მუდმივი ფასებით) მიმდინარე წელს მეტი კეთილდღეობის მოტანა შეუძლია,
ვიდრე წინა წლებში. ყოველივე ამას კი განაპირობებს: არსებული პროდუქციის
ხარისხის გაუმჯობესების, მოძველებული პროდუქციისა და ტექნოლოგიების
მოხმარებიდან გასვლის, ახალი, მანამდე უცნობი მახასიათებლების მქონე
პროდუქციისა და ტექნოლოგიების მოხმარებაში შემოსვლის სულ უფრო და
უფრო სწრაფი ტემპები. ეკონომიკური ზრდის მთავარი ფაქტორი სწორედ
ეკონომიკური განვითარება ხდება. მაგრამ, ამავე დროს ეკონომიკური
განვითარება ეკონომიკური ზრდის ტემპების შენელებისკენაცაა მიმართული.

ამ პროცესს ჩვენ ეკონომიკურ კლებას ვუწოდებთ. ანუ ეკონომიკურ კლებას
ჩვენ ვუწოდებთ ეკონომიკური განვითარების იმ მოქმედებას, რომელიც
მიმართულია ეკონომიკური ზრდის ტემპების შემცირებისაკენ. ამ
კანონზომიერებას განაპირობებს: 1. კონკურენცია, რომელიც აიძულებს
მეწარმეებს, აამაღლონ მწარმოებლურობა და გააიაფონ პროდუქცია; 2.
წარმოების პროცესში პროდუქციის ფიზიკური მახასიათებლების ცვლილება.
წარმოებული პროდუქციის (მათ შორის, ფიზიკური კაპიტალის) მასა ხდება
უფრო “მსუბუქი” (მასალა- და კაპიტალტევადობის შემცირება, ლითონის
დეტალების შეცვლა პლასტმასის დეტალებით და ა.შ.); 3. ხშირ შემთხვევაში
რამდენიმე ხელსაწყოს ერთ ხელსაწყოდ გაერთიანება (მაგალითად, ქსეროქსის,
სკანერისა და პრინტერის ერთ კომბაინში გაერთიანება, სოფლის მეურნეობაში
მრავალფუნქციური მანქანების გამოყენება და და მრავალი სხვ.); 4. არსებული
რესურსების შეზღუდულობა, რაც მოითხოვს არაგანახლებადი ბუნებრივი
წყაროები გამოვიყენოთ რაციონალურად, რათა შევძლოთ, რაც შეიძლება დიდი
ხნით შევინარჩუნოთ ისინი; 5. მდგრადი ეკონომიკური განვითარება.
ბუნებრივი კაპიტალის შენარჩუნება (რომლის გაჩანაგება კაცობრიობას
განადგურებით ემუქრება) მოითხოვს ეკონომიკური ზრდის ტემპები
შესაბამისობაში იყოს ბუნებაში მიმდინარე კვლავწარმოების პროცესებთან; 6.
ეკონომიკის კომპიუტერიზაცია, რომელიც განაპირობებს როგორც ბუნებრივი,
ისე შრომითი რესურსების უზარმაზარ ეკონომიას; 7. დედამიწაზე ჭარბი
მოსახლეობის აღმოფხვრისაკენ მიმართული ღონისძიებების და ქალთა
ემანსიპაციის გაძლიერება, რასაც შედეგად მოსდევს შობადობისა და,
შესაბამისად, მოსახლეობის ზრდის ტემპების შემცირება და სხვ. ეკონომიკური
კლება არ უნდა ავურიოთ ეკონომიკურ დაქვეითებაში. ეკონომიკური კლება
არის დადებითი პროცესი, რომელიც დაკავშირებულია ეკონომიკაში
პროგრესულ ცვლილებებთან და ადამიანთა კეთილდღეობის ამაღლებასთან.
ეკონომიკური დაქვეითება კი უარყოფითი პროცესია, რაც ნიშნავს მთლიანი
ეროვნული პროდუქტის და, შესაბამისად, შემოსავლების შემცირებას.
რასაკვირველია, ეკონომიკური კლება არ ნიშნავს საბოლოოდ ეკონომიკური
ზრდის შეჩერებას. ეკონომიკური განვითარება, უპირველეს ყოვლისა,
წარმოშობს ეკონომიკური ზრდის ახალ-ახალ შესაძლებლობებს. პერსპექტივაში
ეკონომიკური განვითარების ამ ორ მოქმედებას შორის თანაფარდობა
დამოკიდებული იქნება ბუნების ახალ შესაძლებლობათა გამოვლენაზე და მათ
გამოყენებაზე. ეკონომიკური განვითარება ეფუძნება ინოვაციებს, რის
საფუძველზედაც მოხმარებიდან გადის ძველი და შემოდის ახალი ფიზიკური
კაპიტალი, სამომხმარებლო პროდუქცია, წარმოების ორგანიზაციის მეთოდები,
იზრდება ადამიანისეული კაპიტალი და ა. შ.

– გაეროს მიერ ყოველწლიურად გაიანგარიშება და ქვეყნდება ბედნიერების
ინდექსი. როდის და რა მიზნით იქნა იგი შემოღებული?

-ბედნიერების ინდექსის შემოღება მეტყველებს სწორედ იმაზე, რომ თანამედროვე
ეტაპზე უპირატესი მნიშვნელობა ენიჭება ადამიანთა კეთილდღეობის ამაღლებას, რაც
სწორედ ეკონომიკური განვითარების ანუ ეკონონიკაში, ინოვაციების საფუძველზე,
პროგრესული თვისებრივი ცვლილებების შედეგად მიიღწევა.
ეკონომისტები უკვე გასული საუკუნის 1930-იანი წლებიდან მიუთითებებდნენ
მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ნაკლოვანებებზე, რომ იგი ვერ გამოხატავდა
ადამიანთა კეთილდღეობის დონის ამაღლებას. გამოჩენილი მეცნიერი მშპ-ს
ერთ-ერთი მთავარი ავტორი, საიმონ კუზნეცი, მიიჩნევდა, რომ ერის
კეთილდღეობა ძნელად შეიძლება მშპ-ს მაჩვენებლით გაიზომოსო.
პირველი მცდელობა ბედნიერების ინდექსის შემოღებასთან დაკავშირებით ეკუთვნის
ბუტანის მეოთხე მეფეს, ჯიგმე უგიენ ვანგჩუკს, რომლმაც 1972 წელს მთავრობას
შეთავაზა „მთლიანი ეროვნული ბედნიერების ინდექსის“ შემოღება. იგი ამბობდა
– ჩვენ არ გვჯერა მთლიანი ეროვნული პროდუქტის. მთლიანი ეროვნული ბედნიერება
უფრო მნიშვნელოვანიაო.
2008 წელს პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ დაიწყო მსგავსი ინიციატივა საფრანგეთში,
რომელიც მოითხოვდა ბედნიერებისა და კეთილდღეობის ჩართვას ეროვნული
მმართველობის პოლიტიკის კრიტერიუმებში. მან ცნობილ მეცნიერებს ჯოზეფ
სტიგლიცს ამარტია სენს და ჟან პოლ ფიტუსს დაავალა, შეემუშავებინათ ახალი ჩარჩო
ბედნიერებისა და კეთილდღეობის გასაზომად მშპ-ს ნაკლოვანებათა დასაძლევად.
შეიქმნა კომისია, რომელიც ცნობილია როგორც ეკონომიკური მაჩვენებლებისა და
სოციალური პროგრესის გაზომვის კომისია (CMEPSP). მასში შედიოდა 29 პროფესორი და
მკვლევარი. კომისია გამოვიდა შემდეგი რეკომენდაციებით: 1. დროა საზომმა სისტემამ
აქცენტი გადაიტანოს ეკონომიკური წარმოების გაზომვიდან ხალხის კეთილდღეობის
გაზომვაზე, რისთვისაც კომისიამ დაადგინა შემდეგი ძირითადი განზომილებები:
მატერიალური ცხოვრების დონე; ჯანდაცვის დონე; განათლების დონე; პირადი
საქმიანობა; პოლიტიკური მდგომარეობა; სოციალური მდგომარეობა; გარემოს დაცვის
მდგომარეობა: ადამიანთა როგორც ეკონომიკური, ასევე ფიზიკური დაუცველობა.
2011 წლის ივლისში, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც
მოუწოდებდა წევრ ქვეყნებს, შეაფასონ თავიანთი ხალხის ბედნიერება და გამოიყენონ
ეს მონაცემები საჯარო პოლიტიკის დასახმარებლად. 2012 წლის 2 აპრილს ამას მოჰყვა
გაეროს პირველი მაღალი დონის შეხვედრა სახელწოდებით „კეთილდღეობა და
ბედნიერება: ახალი ეკონომიკური პარადიგმის განსაზღვრა“, რომელსაც
თავმჯდომარეობდნენ გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნი და ბუტანის პრემიერ
მინისტრი ჯიგმი თინლი (იმ ქვეყმის პრემიერ-მინისტრი, რომელმაც მიიღო „მთლიანი
ეროვნული ბედნიერების” მაჩვენებელი, „მთლიანი შიდა პროდუქტის“ ნაცვლად,

როგორც მათი განვითარების მთავარი მაჩვენებელი). შედეგად გამოქვეყნდა პირველი
მოხსენება მსოფლიო ბედნიერების შეფასების შესახებ, რომელმაც საერთაშორისო
ყურადღება მიიპყრო. მასში პირველად ასახული იყო მსოფლიო ბედნიერების
მდგომარეობა, ბედნიერებისა და უბედურების მიზეზები და პოლიტიკის შედეგები. 2013
წელს გამოქვეყნდა მეორე მსოფლიო ბედნიერების ანგარიში, 2015 წელს კი – მესამე. 2016
წლიდან იგი ყოველწლიურად გამოიცემა 20 მარტს, გაეროს ბედნიერების საერთაშორისო
დღეს.

-რა უნდა იყოს საქართველოს ეკონომიკის განვითარების მთავარი
მიმართულება?

-ზემოთ მოყვანილი მსჯელობიდან გამომდინარეობს რომ თანამედროვე ეტაპზე
ადამიანთა კეთილდღეობის ამაღლებას განაპირობებს ეკონომიკური
განვითარება ანუ პროგრესული თვისებრივი ცვლილებები ეკონომიკაში.
პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ წარმატებას მიაღწიეს იმ ქვეყნებმა, რომელთაც
შეძლეს თვისებრივი ცვლილებების განხორციელება და ჩამოაყალიბეს
ინოვაციური ეკონომიკიკა, ხოლო რომელთაც ეს ვერ შეძლეს, აქვთ
განუვითარებელი ეკონომიკა, ცხოვრების დაბალი დონით.
თითქმის 30 წელია, რაც საქართველოში დაიწყო ეკონომიკის ტრანსფორმაცია,
მაგრამ სრულყოფილი საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბება ჯერაც ვერ
მოხერხდა, რისი მიზეზიც ობიექტურ გარემოებებთან ერთად არის დაშვებული
სუბიექტური შეცდომები. ერთ-ერთი მთავარი შეცდომა იყო ეკონომიკის
ინოვაციური განვითარების გზის უგულებელყოფა. საზოგადოების პროგრესი
განუყრელადაა დაკავშირებული ინოვაციებთან. მან განაპირობა არნახული
პროგრესი ადამიანთა საქმიანობის ყველა სფეროსა და ყოფაცხოვრებაში.
შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკური განვითარების პროცესი, ეს არის
ინოვაციათა განხორციელების პროცესი ეკონომიკური სისტემის ყველა
ელემენტში. ინოვაციური ეკონომიკა ეფუძნება ცოდნას, ინოვაციების ნაკადს,
ტექნოლოგიების, ინფორმაციის, ინსტიტუციების, ადამიანისეული კაპიტალის,
წარმოების ორგანიზაციის, პროდუქციისა და ა.შ. გამუდმებულ სრულყოფას,
მეცნიერთა და ნოვატორთა ინტელექტუალურ შრომას და არა უბრალოდ
კაპიტალს.
როგორც განვითარებული ქვეყნების (ასევე დაწინაურებული
პოსტკომუნისტური ქვეყნების) გამოცდილება გვიჩვენებს, საქართველოში
დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე მთავრობის ყურადღება, უპირველეს
ყოვლისა, ეკონომიკის თვისებრივ სრულყოფაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე
ანუ აინოვაციური ეკონომიკის მშენებლობაზე უნდა გადატანილიყო. ნაცვლად
ამისა მთლიანად იგნორირებული იყო განვითარების ეს გზა და იგი მხოლოდ

ეკონომიკის ლიბერტანიალური განვითარების სტრატეგიას იქნა მინდობილი,
რაც დიდი შეცდომა იყო.
დადებითია, რომ დღევანდელი მთავრობა აღიარებს ინოვაციური ეკონომიკის
მშენებლობის აუცილებლობას და დგამს ნაბიჯებს ამ მიმართულებით,
მაგალითად: მიღებული იქნა კანონი ინოვაციების შესახებ; ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების სამინისტროში შეიქმნა საქართველოს ინოვაციისა და
ტექნოლოგიის სააგენტო; დაფუძნდა კვლევისა და ინოვაციების საბჭო;
საქართველო პირველი ქვეყანაა სამხრეთ კავკასიაში, სადაც გამოჩნდა
ფაბლაბები; გაიხსნა ტექნიკური პარკები, ინოვაციების ცენტრები, და
კლასტერები. დაარსდა საერთაშორისო ტექნოლოგიური უნივერსიტეტი,
რომლის საგანმანათლებლო პროგრამები მიუნხენის ტექნიკური
უნივერსიტეტის პროგრამებს ეყრდნობა; 2016 წელს საქართველოში ამოქმედდა
ვენჩურული საინვესტიციო პროგრამა – “სტარტაპ საქართველო“ დამწყები
ბიზნესების ინოვაციური იდეების ფინანსური მხარდაჭერის აღმოსაჩენად;
მრავალი მაგალითის მოყვანა შეიძლება ეკონომიკის სხვასასხვა სფეროში ახალი
თანამედროვე საწარმოების ამოქმედების ან არსებულში მოწინავე
ტექმოლოგიების დანერგვის შესახებ.
მიუხედავად გარკვეული წარმატებისა, ეკონომიკის ინოვაციური განვითარების
მიმართულებით, ჯერ კიდევ რჩება გადაუჭრელი პრობლემები, რომელთაგან
აღსანიშნავია:
განუვითარებულია ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალი: მიუხედავად გარკვეული
ზრდისა, მცირეა მეცნიერთა ხელფასი, რის გამოც საგანგაშოდ შემცირდა
მეცნიერთა რაოდენობა და არაპრესტიჟული გახდა მეცნიერების
სფერო; განუვითარებელია საგრანტო სისტემა, ცუდ მდგომარეობაშია
მეცნიერების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ა.შ.; სერიოზულ გარდაქმნას
მოითხოვს საშუალო, უმაღლესი, პროფესიული მომზადებისა და უწყვეტი
განთლების სისტემა; დაბალგანვითარებულია სამეცნიერო კვლევების
მომსახურებისა და კვლევის შედეგების  წარმოებაში გადაცემის სისტემა; არ
არსებობს ტექნოლოგიების დიფუზიის ხელშემწყობი მექანიზმები; დაბალია
მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების დონე. არ არსებობს მცირე
საწარმოთა მხარდამჭერი ინფრასტრუქტურა და ინოვაციური მცირე
საწარმოები; არ არსებობს შესაბამისი სრულყოფილი ინსტიტუციური ბაზა და
ინოვაციების განვითარების მასტიმულირებელი სისტემა, წამახალისებელი
საფინანსო, საგადასახადო და სხვა მექანიზმები; განსაკუთრებით
უგულებელყოფილია რეგიონული საინოვაციო საქმიანობა; არ ხდება
დონორების მიერ პროექტების განხორციელების შემდგომი მხარდაჭერა, რასაც
ნულამდე დაჰყავს მათი საქმიანობა; თითქმის არ არსებობს კავშირი მეცნიერებას,  ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის, რაც ინოვაციური ეკონომიკის
მთავარი მოთხოვნაა; თითქმის არ არსებობს სახელმწიფოსა და ბიზნესის 
მხრიდან შეკვეთები სამეცნიერო კვლევებზე; თითქმის არ ხორციელდება
საკუთარ კვლევებზე დაფუძნებული ინოვაციები, ინოვაციების იმპორტი
შედარებით ხორციელდება მხოლოდ კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული
ტექნოლოგიების სფეროში; არსებობს ახალი ტექნოლოგიების შემოტანის
დამამუხრუჭებელი მრავალი ფაქტორი (ცოდნის უქონლობა, პოლიტიკური
ნებისა და ინსტიტუციური მხარდაჭერის არარსებობა, ფინანსური რესურსების
სიმწირე, პოლიტიკური და სოციალური დაძაბულობა და სხვ.).
მაშასადამე, საქართველოს ეკონომიკის განვითარების მთავრი
მიმართულება უნდა გახდეს ინოვაციური ეკონომიკის (რასაც ასევე უწოდებენ
ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკას, ინფორმაციულ ეკონომიკას) მშენებლობა.
ამისათვის კი, უპირვალეს ყოვლისა, აუცილებელია შემუშავდეს „საქართველოს
ეკონომიკის ინოვაციური განვითარების სტრატეგია“ და ამის
საფუძველზე „საქართველოს ეკონომიკის ინოვაციური განვითარების
გეგმმები“.
სტრატეგიამ უნდა განსაზღვროს ქვეყნის ინოვაციური პოლიტიკა და
ინოვაციური სისტემის განვითარების მიმართულებები. უპირველეს ყოვლისა,
ინოვაციური განვითარებისაკენ მიმართულ ღონისძიებებს უნდა ჰქონდეს
არაფრაგმენტული, უწყვეტი და კომპლექსური ხასიათი; გაქრდა ამისა
აუცილებელია: 1. სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერება; 2. განათლების
სფეროს სრულყოფა; 3. ეროვნული ინოვაციური სისტემის ხუთრგოლიანი
მოდელის – მეცნიერება-სახელმწიფო-ბიზნესი-სამოქალაქო საზოგადოება-
გარემო, შექმნა ეს მოდელი სამრგოლიანი მოდელისაგან – მეცნიერება-
სახელმწიფო-ბიზნესი, განსხვავებით გულისხმობს ინოვაციების ღიაობის
პრინციპს ანუ ინოვაციურ პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების
მნიშვნელოვან ჩართულობას, ასევე არსებული გარემოს ე.ი. ეკოლოგიური
ფაქტორების გათვალისწინებას; 4. სამეცნიერო კვლევების მომსახურების
სისტემის სრულყოფა 5. ცოდნის ეკონომიკის ფორმირება 6. ინოვაციური
ინფრასტრუქტურის განვითარება; 7. რეგიონული ინოვაციური საქმიანობის
გამოცოცხლება და განვითარება;  8. ინოვაციების განხორციელებისათვის
წამახალისებელი გარემოს შექმნა; 9. დონორების მიერ განხორციელებული
პროექტების შედეგთა დანერგვის მხარდაჭერი მექანიზმების შექმნა; 10.
უცხოური კრედიტებისა და დახმარებების წარმოების სფეროში გამოყენების
სისტემის ფორმირება; 11. კონკურენტუნარიანი მეწარმეობის
განვითარებისათვის ხელშემწყობის მექანიზმების შექმნა; 12. მაღალი ტექნოლოგიების (hi-tech) შესაძლებლობათა მაქსიმალური გამოყენება და სხვა
მიმართულებები, რომლებიც გამოიკვეთება სტრატეგიაზე მუშაობის დროს.
ქვეყნის ინოვაციურმა სისტემამ უნდა შეძლოს ინოვაციების გენერირება ან იმპორტი. თავდაპირველად უპირატესობა უნდა მიენიჭოს ინოვაციების
შემოტანას, ხოლო შემდეგ საკუთარ კვლევებზე დაფუძნებული ინოვაციური
სისტემის შექმნას. წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყნის კონკურენტუნარიანობა 
ყოველთვის დაბალი იქნება, რაც განაპირობებს უარყოფით სავაჭრო სალდოს,
თავისი მძიმე ნეგატიური შედეგებით.
„საქართველოს ეკონომიკის ინოვაციური განვითარების გეგმები უნდა შედგეს
პერიოდების მიხედვით (ჩვეულებრივ 5 ან 7 წელი), რომელშიც გამოკვეთილი
იქნება მოცემულ ეტაპზე ინოვაციური განვითარების პრიორიტეტები,
შემსრულებლები და ინსტრუმენტები. ამ ეტაგზე მიზანშეწონილია
შემუშავდეს: „მეცნიერებისა და განათლების შემდგომი განვითარების
პროგრამა“, „მრეწველობის ინოვაციური განვითარების პროგრამა“, „სოფლის
მეურნეობის ინოვაციური განვითარების პროგრამა“, „ენრგეტიკის
ინოვაციური განვითარების პროგრამა“, „მცირე ბიზნესის შემდგომი
განვითარებისა და მხაედაჭერის პროგრამა“
სტრატეგია რომ საჭირო და ქმედითუნარიანი იყოს, ის უნდა შემუშავდეს არა
ერთი ან რამდენიმე უწყების მიერ, არამედ მასში ჩართული უნდა იყოს ქვეყნის მთელი შესაბამისი პოტენციალი: ცენტრალური და ადგილობრივი
სამთავრობო ორგანოები, უნივერსიტეტები, სამეცნიერო-კვლევითი
ინსტიტუტები, ბიზნესის წარმომადგენლები. შემუშავებას უნდა
ხელმძღვანელობდეს მთავრობა (პრემიერ-მინისტრი). 
ბუნებრივია, სტრატეგია უნდა ეფუძნებოდეს  საბაზრო პრინციპების განუხრელ
დაცვას, საბაზრო მექანიზმის შემდგომ სრულყოფას და მასში ასახული იყოს
მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე თანამედროვე პროცესები, უპირველეს
ყოვლისა, მდგრადი განვითარების (რესურსული უზრუნველყოფის, „მწვანე“ და „წრიული“ ეკონომიკის და სხვ.) მოთხოვნები.

-თქვენი აზრით ეკონომიკის ინოვაციური განვითარების დროს უპირატესობა
უნდა მიენიჭოს განათლებას თუ მეცნიერებას?

-ამ პროცესში განათლებას უზარმაზარი მნიშვნელობა ენიჭება, ვინაქიდა იგი
ზრდის ქვეყნის ეროვნულ ადამიანისეულ კაპიტალს, მაგრამ, პროგრესის
საფუძველთა საფუძველი მაინც მეცნიერებაა, ვინაიდან ახალ ცოდნას ქმნის
მეცნიერება და არა განათლება. აღმოჩენები ხდება მეცნიერებაში, რომელთა
შედეგები გამოიყენება ადამიანთა საქმიასნობის ნებისმიერ, მათ შორის, განათლების სფეროშიც, რაც მთელი საზოგადოების არნახულ პროგრესს
განაპირობებს. ამდენად, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს მეცნიერებას,
წინააღმდეგ შემთხვევაში ეკონომიკის ინოვაციური განვითარების პროცესს
საფუძველი გამოეცლება და შედეგი ვერ მიიღება.

-საინტერესოა რომელიმე მოწინავე ქვეყნის ეკონომიკის ინოვაციური
განვითარების გამოცდილება

-ზემოაღნიშნული არგუმენტების მრავალი მაგალითი არსებობს და მათი მოყვანა
შეიძლება. მაგალითად, იაპონია, რომელმაც დაიწყო ინოვაციური ეკონომიკის
მშენებლობა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ იგი თავიდანვე
ახორციელებდა აქტიურ სამეცნიერო, საგანმანათლებლო და ტექნიკურ პოლიტიკას.
თუმცა, დასაწყისში ქვეყნის საინოვაციო სისტემა ეფუძნებოდა საზღვარგარეთულ
სამეცნიერო და ტექნიკურ მიღწევებს, ტექნოლოგიების მასიურ ნაკადს (ლიცენზირება,
ერთობლივი საწარმოები, მონაწილეობა საერთაშორისო კვლევით პროექტებში და ა.შ.).
ამავდროულად, საკუთარი სამეცნიერო კვლევითი შესაძლებლობების განვითარების
გააქტიურებასთან ერთად, თანდათან შემცირდა უცხოური სამეცნიერო ტექნიკური
მიღწევების გამოყენება. 1960-იანი წლებიდან დაიწყო ფართომასშტაბიანი სამეცნიერო-
ტექნიკური პროექტები სახელმწიფო, ბიზნეს და კვლევითი ინსტიტუტების
მონაწილეობით. 1977 წელს მიღებულ იქნა პროგრამული დოკუმენტი, რომელიც
ითვალისწინებდა: მთავრობას, სამეცნიერო და ბიზნეს წრეებს შორის ურთიერთობების
გაძლიერებას და სამეცნიერო-ტექნიკური საქმიანობის დაფინანსებას; სამეცნიერო
პერსონალის მომზადებასა და ფუნდამენტური მეცნიერების სტიმულირებას;
მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებას კონკრეტულ ადგილებში;
საერთაშორისო სამეცნიერო საქმიანობის გაძლიერებას და სხვა. 1980-იანი წლებიდან
კურსი ორიენტირებული იყო მეცნიერულ-ტექნიკური აქტივობების თვითკმარობასა და
ინოვაციების მაქსიმალურ დანერგვაზე, რაც გახდა ეკონომიკური სიძლიერის
საფუძველი საკუთარი სამეცნიერო და ტექნიკური პოტენციალის საფუძველზე. ამ
კურსმა უზრუნველყო იაპონიის წარმატებული განახლება. დღესდღეობით იაპონიაში
მიღებული ყველა სამეცნიერო და ტექნიკური პროექტი ასახავს შემდეგ მიდგომებს:
მეცნიერება, ტექნიკა და ტექნოლოგია არის არა მხოლოდ ეკონომიკის, არამედ
კაცობრიობის განვითარების საფუძველი; აუცილებელია: მეცნიერების, ბიზნესის,
სახელმწიფოსა და საზოგადოების შემდგომი ჰარმონიზაციის უზრუნველყოფა; ყველა
ადამიანის მხარდაჭერა, ვინც მუშაობდა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სექტორში;
ტვინების გადინების მინიმუმამდე შემცირება; სამეცნიერო და ტექნიკური პროექტების
დაფინანსების გაზრდა; სამეცნიერო-კვლევითი ინფრასტრუქტურის განვითარება;
მეცნიერთა ორიგინალური აზროვნებისა და შემოქმედების სტიმულირება;
საერთაშორისო სამეცნიერო ურთიერთობების გააქტიურება.

მსგავსი სიახლეები

დავითაშვილი თურქეთის, აზერბაიჯანის და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრებს შეხვდა – რაზე ისაუბრეს?

დავითაშვილი თურქეთის, აზერბაიჯანის და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრებს შეხვდა –…

თურქეთის ქალაქ სტამბოლში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა მონაწილეობა მიიღო ოთხმხრივ შეხვედრაში, სადაც თურქეთის, აზერბაიჯანისა და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრებთან ერთად რეგიონული…
რა ეკონომიკა აქვს საქართველოს “მთავარ” საექსპორტო პარტნიორ ყირგიზეთს

რა ეკონომიკა აქვს საქართველოს “მთავარ” საექსპორტო პარტნიორ ყირგიზეთს

2024 წლის 10 თვეში საქართველოს მთავარი საექსპორტო ბაზარი ნომინალურად ცენტრალური აზიის ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანა ყირგიზეთი გახდა. ცენტრალური აზიის ამ ქვეყანაში ექსპორტი…
ცესკოს თავმჯდომარემ ქონებრივი დეკლარაცია შეავსო – მისი წლიური ანაზღაურება 162,000 ლარია

ცესკოს თავმჯდომარემ ქონებრივი დეკლარაცია შეავსო – მისი წლიური ანაზღაურება…

ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა ქონებრივი დეკლარაცია შეავსო, რომელიც 2023 წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებს და არსებული მდგომარეობით საბანკო ანგარიშებზე თანხებს და უძრავ…